მილენიუმის უნივერსიტეტში გრძელდება საჯარო ლექციათა სერია.

მიმდინარე წლის 21 აპრილს მილენიუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ინიციატივით გაიმართა ლელა აქიაშვილის საჯარო ლექცია -,,საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და COVID პანდემიის ფონზე არსებული გამოწვევების თაობაზე“.

ლელა აქიაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ამასთან, 2019 წლიდან ლელა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. ამჟამად იგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების მენეჯერია.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „Save the Children“ მუშაობისას ლელამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენდერული თანასწორობის პროგრამული და ორგანიზაციული მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში. მანამდე ის მუშაობდა ჯოან . კროკის სახელობის სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე მკვლევარის პოზიციაზე. ლელა აქიაშვილს ასევე აქვს Texas A&M უნივერსიტეტსა  და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება.

სპიკერმა ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, პოლიტიკის შემუშავებისა და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების პოლიტიკის შემუშავების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული პირების ჩართვის, ინკლუზიური პროცესისა და საჯარო კონსულტაციების მნიშვნელობის თაობაზე. ლელამ სტუდენტებს გააცნო ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც მათ შორის პანდემიამ შექმნა კონკრეტული მიმართულებებით.ლექციაზე ასევე მიმოხილულ იქნა საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.