13 აპრილს მილენიუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია – ,,საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში“.

ლექციის სპიკერი ანა კვერნაძე წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს საჯარო სამსახურში, მათ შორის იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. ამასთან, იგი გახლდათ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) კოორდინატორი საქართველოში.

მომხსენებელმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობასა და მიზნებზე, აგრეთვე საჯარო მმართველობის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა პოლიტიკის დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა, დეცენტრალიზაცია, კორუფცია და ღია მმართველობა და ..

დისკუსიის ფორმატში, სტუდენტებმა მომხსენებელთან ერთად განიხილეს სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მისი პროაქტიული გამოქვეყნება, როგორც ღია მმართველობის პრინციპის ფუნდამენტი, ადგილობრივი თვითმართველობა და უფლებამოსილების დელეგირება, კორუფციის რისკები საჯარო და კერძო სექტორში, აგრეთვე ელექტრონული მმართველობა, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის ერთერთი ძირითადი გამოწვევა პანდემიურ რეალობაში და მოსალოდნელი რეფორმები.

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.